31 მაისს, ზუგდიდის ტექნოპარკში, ასოციაცია “ქსენონის” ახალგაზრდული პროექტის “ხელი ხელს, გული გულს” საზეიმო დახურვის ცერემონიალი შედგა. პროექტი “ხელი ხელს, გული გულს” დაფინანსებული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია PH international Georgia-ს მიერ და ხორციელდებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული სკოლის, თემისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) ფარგლებში.
შეხვედრაზე პროექტის განმახორციელებელი გუნდისა და პროექტის მონაწილეების მიერ შეჯამდა 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, გაწეული საქმიანობა და მიღებული შედეგები.
მოზარდებმა ისაუბრეს მინი-პროექტებზე, რომელიც დაიწერა და გამხორციელდა მათ მიერ პროექტის „ხელი ხელს, გული გულს“ ფარგლებში; პირველი მინი-პროექტი “ ოჯახის საერთაშორისო დღე“, 15 მაისს გაიმართა და ემსახურებოდა ოჯახების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობასა და მათთვის სახალისო და საზეომო განწყობის შექმნას. მეორე მინი-პროექტი „ჩვენ ვაფერადებთ მომავალს“ კი მიზნად ისახავდა წალენჯიხის ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელების მხარდაჭერასა და მათთან დაახლოებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, პროექტის მონაწილეები ივნისის თვეში ექსკურსიით გაემგზავრებიან.