28 ივლისი,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული.  ეს დღე ერთიანებს სახელმწიფოთა მთავრობებს,  ექიმებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესიონალებს, პაციენტთა ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ხელი შეეწყოს ვირუსული ჰეპატიტის გლობალური ტვირთისა და დაავადების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ვირუსული ჰეპატიტები სიკვდილობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში და ყოველწლიურად სიკვდილის 1.34 მილიონი შემთხვევის მიზეზი ხდება. ამ ნიშნით ჰეპატიტები წინ უსწრებს აივ ინფექციას, ტუბერკულოზსა და მალარიას. ღვიძლის კიბოს შემთხვევების ორი მესამედი გამოწვეულია B ან C ჰეპატიტით.

2016 წელს,  ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანმრთელობის სექტორის პირველი გლობალური სტრატეგია, რომლის მიზანია:
 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის, ელიმინაცია;
– 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა.
–  2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ახალი ინფექციების 90%-ით, ხოლო ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება.

2015 წლიდან საქართველოში დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა, რომელმაც 2020 წელს მთელს მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს. პროგრამა, საქართველოს მოქალაქეებს განკურნების შესაძლებლობას აძლევს და C ჰეპატიტზე სკრინინგსა და სამკურნალო საშუალებებს უფასოდ სთავაზობს.

2015 წელს  ჩატარებულმა პოპულაციურმა კვლევამ აჩვენა, რომ C ჰეპატიტის სეროპრევალენტობა ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში 7.7%-ია, ხოლო 5.4% დაავადებულია აქტიური ინფექციით, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ საქართველოში ამ ვირუსით ინფიცირებულია და მკურნალობას საჭიროებს 150 ათასი ადამიანი.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე 50 ათასამდე ადამიანი ჩაერთო C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში, ხოლო დაავადებისაგან განკურნების მაჩვენებელმა 98,2% შეადგინა. მიუხედავად მკურნალობის ეფექტურობისა, დღეისთვის C ჰეპატიტით მქონე 100 000 საქართველოს მოქალაქე   ჯერ კიდევ არ არის ჩართული პროგრამაში.

2018 წლის კამპანია, სახელწოდებით ,,ვიპოვოთ 100 000 დაკარგული ადამიანი“, საქართველოში, ზიანის შემცირების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მიერ იმართება და ხაზს უსვამს იმ ფინასური, გეოგრაფიული თუ სხვა ბარიერების მოგვარების აუცილებლობას, რომლებიც ქვეყანაში C ჰეპატიტის სრული ელიმინაციასა და 100 000 ადამიანის მკურნალობაში ჩართვას უშლის ხელს.