ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ. აღნიშნულ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას. ასევე, პოლიტიკის შემქმნელებს მოუწოდებს ჰეპატიტის ელიმინაციაში ინვესტირებისაკენ, რათა გაიზარდოს ტეტსტირებასა და მკურნალობის სერვისებზე წვდომა.
2019 წლის ჰეპატიტის მსოფლიო დღის მთავარი თემაა – “ვიპოვოთ დაკარგული მილიონები”. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოში კამპანია “შენ C“ დაიწყო, რათა ნაპოვნი იქნას ათასობით ინფიცირებული, ვინც ჯერ არ იცის რომ ვირუსის მატარებელია.
ვირუსული ჰეპატიტი არის პრევენცირებადი, მკურნალობას დაქვემდებარებული და C ჰეპატიტის შემთხვევაში აბსოლუტურად განკურნებადი დაავადება. C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, 2-3 თვიანი პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება სრულიად განიკურნოს. თუმცა, მსოფლიოში ვირუსუსლი ჰეპატიტის მქონე პირთა 80%-ს პრევენციულ, ტეტსტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომა არ აქვს.
საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს აქვს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, კვლევის მომენტში გამოკვლეულთა უმრავლესობამ არ იცოდა ინფიცირების შესახებ.
C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა.
არსებული მონაცემების თანახმად, სკრინინგული კვლევა ჩაუტარდა სულ 1,5 მილიონ ადამიანს (სამიზნე მაჩვენებლის 54% შესრულდა), პროგრამაში ჩართულია 58 229-მდე პაციენტი, დაასრულა მკურნალობა 53 908-მა (სამიზნე მაჩვენებლის 44% შესრულდა), განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.
დღეს, C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ზიანის შემცირების ცენტრებშიც. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ათასობით ინფიცირებული ადამიანის განკურნება.
Leave A Comment