გენდერული უთანასწორობა შიდსის ეპიდემიის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. განსხვავებული მოთხოვნები და როლები, რომელსაც საზოგადოება უწესებს ქალსა და მამაკაცს, იმ შესაძლებლობებსაც განსაზღვრავს, რომლებიც მათ გააჩნიათ აივ-ინფექციისგან თავდაცვისა და მისი შედეგების გამკლავებისთვის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რაც უფრო მეტია საზოგადოებაში ქალის დაქვემდებარება მამაკაცზე, მით უფრო მოწყვლადია ეს საზოგადოება აივ-ინფექციისადმი.
ქალებისა და მოზარდი გოგონების დაბალი სოციალურ-ეკონომიური სტატუსი ამცირებს მათ შესაძლებლობას, აირჩიონ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და ნაკლებად სარისკო ცხოვრებისეული სტრატეგიები.
ძალადობისადმი შიშიც კი მნიშვნელოვნად აფერხებს აივ-ინფექციის პროფილაქტიკისკენ მიმართულ ძალისხმევას. აღნიშნული, ხელს უშლის ქალს, მეტი ინფორმაცია მიიღოს აივ/შიდსზე, ჩაიტაროს ტესტირება, თავიდან აიცილოს ინფექციის გადაცემა დედიდან ბავშვზე, იმკურნალოს და მიიღოს კონსულტაციები.
ქალების მოწყვლადობა აივ-ინფექციისადმი ბიოლოგიური ფაქტორებითაც არის განსაზღვრული – ქალები კაცებზე ადვილად ინფიცირდებიან ამ დაავადებით. მამაკაციდან ქალზე ინფექციის გადაცემის ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე პირიქით.
15-24 წლის ახალგაზრდა ქალების აივ-ინფექციით დაინფიცირების ალბათობა სამ-ოთხჯერ აღემატება ახალგაზრდა მამაკაცების ინფიცირების ალბათობას.
მთელ მსოფლიოში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევების თანახმად, აივ-ინფიცირებულ ქალებს მეტი შეხება აქვთ ძალადობასთან, ხოლო ძალადობის მსხვერპლი ქალები უფრო ხშირად ინფიცირდებიან აივ-ით.
ამდენად, აივ-ინფექციის გავრცელების ტემპის შესაჩერებლად აუცილებელია ქალთა უფლებების რეალიზების უზრუნველყოფა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ყველა შესაძლებლობის მინიჭება მათთვის.
აივ–ეპიდემიაზე საპასუხო ზომების ორგანიზებისას, გოგონებსა და ქალებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს!
Leave A Comment