გენდერული უთანასწორობა  შიდსის  ეპიდემიის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. განსხვავებული მოთხოვნები და როლები, რომელსაც საზოგადოება უწესებს ქალსა და მამაკაცს, იმ  შესაძლებლობებსაც განსაზღვრავს, რომლებიც მათ გააჩნიათ აივ-ინფექციისგან თავდაცვისა და მისი შედეგების გამკლავებისთვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რაც უფრო მეტია საზოგადოებაში  ქალის დაქვემდებარება მამაკაცზე, მით უფრო მოწყვლადია ეს საზოგადოება აივ-ინფექციისადმი.

ქალებისა და მოზარდი გოგონების დაბალი სოციალურ-ეკონომიური სტატუსი ამცირებს მათ შესაძლებლობას, აირჩიონ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და ნაკლებად სარისკო ცხოვრებისეული სტრატეგიები.

ძალადობისადმი შიშიც კი მნიშვნელოვნად აფერხებს აივ-ინფექციის პროფილაქტიკისკენ მიმართულ ძალისხმევას. აღნიშნული, ხელს უშლის ქალს, მეტი ინფორმაცია მიიღოს აივ/შიდსზე, ჩაიტაროს ტესტირება, თავიდან აიცილოს ინფექციის გადაცემა დედიდან ბავშვზე, იმკურნალოს და მიიღოს კონსულტაციები.

ქალების მოწყვლადობა აივ-ინფექციისადმი  ბიოლოგიური ფაქტორებითაც არის განსაზღვრული – ქალები კაცებზე ადვილად ინფიცირდებიან ამ დაავადებით. მამაკაციდან ქალზე ინფექციის გადაცემის ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე პირიქით.

15-24 წლის ახალგაზრდა ქალების აივ-ინფექციით დაინფიცირების ალბათობა სამ-ოთხჯერ აღემატება ახალგაზრდა მამაკაცების ინფიცირების ალბათობას.

მთელ მსოფლიოში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევების თანახმად, აივ-ინფიცირებულ ქალებს მეტი შეხება აქვთ ძალადობასთან, ხოლო ძალადობის მსხვერპლი ქალები უფრო ხშირად ინფიცირდებიან აივ-ით.

ამდენად, აივ-ინფექციის გავრცელების ტემპის შესაჩერებლად აუცილებელია ქალთა უფლებების რეალიზების უზრუნველყოფა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ყველა შესაძლებლობის მინიჭება მათთვის.

აივეპიდემიაზე საპასუხო ზომების ორგანიზებისას, გოგონებსა და ქალებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს!